ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-15

149 წელი ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 149 წელი შესრულდა. მწერლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად თსუ–ს პირველი კორპუსის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.

„მოხარული ვარ, რომ ქართული გენიის დაბადების 150 წლის იუბილესთვის მზადება უკვე დაიწყო. დღეს ჩვენ მოვინახულეთ მწერლის მემორიალური კაბინეტი და დავათვალიერეთ თუ რა ეტაპზეა სარემონტო სამუშაოები. მომავალ წელს იუბილეს აღნიშვნა სწორედ  აქედან, უნივერსიტეტის კედლებში დაიწყება და მთელს საქართველოს მოედება“, –  აღნიშნა პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა.

სარემონტო სამუშაოები და პირველი კორპუსის ეზოში მდებარე მწერლის ძეგლი პარლამენტის წევრმა რუსუდან კერვალიშვილმაც მოინახულა. „დიდი ქართველი მწერლის ხსოვნას, მის გენიალურ ნაწარმოებებთან ერთად, სწორედ ეს კედლები ინახავს. აქ გარდაიცვალა ვაჟა–ფშაველა და დღეს ჩვენ მის ნაკვალევზე გავდივართ“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

დიდი ქართველი მწერლის სახელობის მემორიალური კაბინეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში წლების მანძილზე არსებობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს 1915-დან 1918 წლამდე უნივერსიტეტის (მაშინდელი ქართული გიმნაზიის) შენობაში სამხედრო ლაზარეთი ფუნქციონირებდა, სადაც 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. უნივერსიტეტის სწორედ ამ ოთახში გაიხსნა შემდგომ მწერლის მემორიალური კაბინეტი, რომელშიც  ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ვაჟა–ფშაველა მსოფლიოს საკუთრებაა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მწერლის იუბილე აღინიშნება და მომავალი წლისთვის, რომელიც მსოფლიო მწერლის წლად გამოცხადდება, მზადებას ვიწყებთ. უნივერსიტეტიდან უნდა იწყებოდეს მომავალი თაობის გზა, ამას ვაჟა ამბობდა და სიმბოლურია, რომ მან თავისი გზა აქ დაასრულა და ახალი თაობების გზამკვლევად იქცა“, – აღნიშნა ვაჟა–ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა.

150 წლის უბილესთვის მზადებას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უკვე შეუდგა. განახლებულ მემორიალური კაბინეტის გახსნასთან ერთად იუბილეზე ვაჟას კუთვნილი ნივთების და მწერლის ნაწარმოებების მიხედვით ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენაც იგეგმება. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება მწერლის ნიღაბი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იაკობ ნიკოლაძის მიერ გაკეთდა; ვაჟა-ფშაველას მამის – პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი;  რარიტეტული გამოცემები და ქართველი მხატვრების ცნობილი ტილოები.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე