ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-04

„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს 16 ქვეყნის 100-მდე მეცნიერი დაესწრო.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“, გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის და კარტოგრაფის ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„ძალიან საინტერესო კონფერენციას მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ეხება ლანდშაფტმცოდნეობას და ეძღვნება პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხსოვნას. მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენს კათედრას და იყო ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი მსოფლიოში.  კონფერენციაზე ჩამოსულია ბევრი მისი კოლეგა და მოსწავლე. ისინი განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს,რომელიც უკავშირდება გეომორფოლოგიას, ლანდშაფტს.  ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს. მასში უცხოელი მკვლევრების გარდა, ჩარტული არიან სტუდენტებიც. მათ ექნებათ კომუნიკაცია უცხოელ მკვლევრებთან და ეს მოგვცემს მეცნიერების პოპულარიზაციის საშუალებას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ვარ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის მონაწილე. აღსანიშნავია, რომ  ამ კონფერენციის მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია,რომლის პროფესორიც მსოფლიოში ცნობილი გეოგრაფი და ლანდშაფტმცოდნე ნიკოლოზ ბერუჩაშვილი გახლდათ. ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ისაუბრებენ დარგის სამომავლო პერსპექტივებზე, ჩვენი განსახილველი თემები იქნება დაკავშირებული მეცნიერებასთან, კვლევასთან, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან,“- განაცხადა FAO-ს ხელმძღვანელმა ანდრეი კუშლინმა.

ქართველ გეოგრაფებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის, ლიტვის, ესტონეთის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ჩილეს,  თურქეთის წარმომადგენელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები   ლანდშაფტმცოდნეობაში წარმოებულ უახლეს კვლევებზე, სამეცნიერო ლიტერატურაზე, ისაუბრეს ამ დარგის განვითარებაში ნიკოლოზ ბერუჩაშვილის წვლილზე.   

კონფერენციაზე 3 სექცია მუშაობდა: ლანდშაფტი, როგორც სივრცე-დროითი სისტემა: თეორია და რეგიონული კვლევები;  ლანდშაფტი და საზოგადოება: ურთიერთქმედების მიჯნები;  ლანდშაფტი, როგორც დაგეგმარებისა და აღქმის  ობიექტი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 2 საველე სკოლა-სემინარი; კონფერენციის წარმომადგენლები ავიდნენ იალნოს ქედზე ნიკოლოზ ბერუჩაშვილის სახელობის მწვერვალზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე