2011-01-18
18 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ მზექალა შანიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო სხდომას განათლების და მეცნიერების სამინისტროს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
იუბილეზე პროფესორს თსუ–ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის სპეციალური მილოცვაც გადაეცა.
„თქვენი მოღვაწეობა ფასდაუდებელია ქართული მეცნიერებისათვის, თქვენ ღირსეულად განაგრძეთ ჩვენი წინაპრების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლებისა და ქართული ფილოლოგიის კორიფეების ტრადიციები, არაერთი მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური სამეცნიერო ნაშრომი შექმენით მომავალ თაობისთვის, ახალგაზრდებს გააცანით და შეაყვარეთ ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, ქართული ხელნაწერი. თქვენი საქმიანობა მაგალითია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თქვენი საქმის ერთგულება და გულწრფელი სიყვარული ყოველთვის მისაბაძი იქნება ჩვენთვის“, – აღნიშნულია მილოცვაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მზექალა შანიძე ამჟამად თსუ ძველი ქართული ენის კათედრასთან არსებული ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია "ორიონის" მეცნიერ-ხელმძღვანელია. მზექალა შანიძე სამეცნიერო საქმიანობას ქართული ენის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში განაგრძობს. გასული წლის 26 თებერვალს თსუ–ის გამომცემლობის მიერ აკაკი შანიძის ხევსურული პოეზიის ხელმეორე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად შეფასებული გამოცემის რედაქტორი პროფესორი მზექალა შანიძეა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატად დასახელდა.
სამეცნიერო გრანტის ფარგლებში პროფესორის ხელმძღვანელობით განხორციელდა ბერძნულ _ ქართული ერთობლივი პროექტი – "1975 წელს სინას მთაზე ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერების კატალოგი". მზექალა შანიძემ 1996 და 2001 წლებში მონაწილეობა მიიღო სინას მთის ქართულ ექსპედიციებში. პროფესორმა ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერები აღწერა, რის საფუძველზეც შემდგომში სამენოვანი კატალოგი შედგა. პროფესორი აქტიურ მონაწილეობას იღებდა შვეიცარიულ-ქართული პროექტის – "იაკობის ჟამისწირვის ქართული თარგმანის უძველესი ტექსტი" და ბელგიურ-ქართული პროექტის – "გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანები" განხორციელებაში. 2006 წელს კი, მზექალა შანიძემ გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ათონის (ოშკის) ბიბლიის (978 წ.) ტექსტს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოიცა.
« იხ. ყველა სიახლე