ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-05-20

თსუ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

20  მაისს თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.  გამომცემლობამ 50–მდე ახალი გამოცემა წარადგინა. საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა უკვე მეორე წელია მონაწილეობს.

„გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. წელს მრავალფეროვანი გამოცემებით წარვდექით და მოხარული ვარ, რომ გამომცემლობას ეძლევა საშუალება აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა აწარმოოს, ჩვენს სტენდზე წარმოდგენილია ყველა ის ლიტერატურა, რომელიც ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის მომხმარებელს დააკმაყოფილებს,“ – აღნიშნა თსუ–ს გამომცემლობის ხელმძღვანელმა თამარ ებრალიძემ.

თსუ–ის გამომცემლობა გამოცემათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო ტექსტები, საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკონები, მონოგრაფიები.

„მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტის გამომცემლობა ზრუნავს, რომ მკითხველმა მაღალი ხარისხის და პროფესიულ დონეზე შესრულებული გამოცემები იხილოს. წიგნის ფესტივალი კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.

ფესტივალზე უნივერსიტეტის გამომცემლობის გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსმაც“ წარმოადგინა. საგამომცემლო პროგრამა ლოგოსი  1996 წელს დაარსდა. იგი  თსუ–ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მისია საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განვითარების ხელშეწყობაა, თუმცა პროგრამა ლოგოსის ეგიდით სხვა თემატიკის მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემაც ხორციელდება. ამჟამად გამოსაცემად მზადდება ენციკლოპედია „ანტიკური კავკასია“, რომლის პრეზენტაციაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე კვირაში გაიმართება.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე