2011-12-11

თსუ სამეცნიერო პორტალის პრეზენტაცია

9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სამეცნიერო პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

სამეცნიერო პორტალი IREX-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”თსუ-ის სამეცნიერო პორტალი” ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილია.

„პორტალი წარმოადგენს შესაბამის გარემოს ინფორმაციის ოპერატიული გაცვლისათვის. პორტალში ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება თავისი განყოფილება (პროფილი), კერძოდ მას შესაძლებლობა მიეცემა ატვირთოს საკუთარი CV, საჯარო გახადოს კვლევის სფერო და ინტერესები, განათავსოს პუბლიკაციები, წიგნები და კვლევითი პროექტები“, – აღნიშნა გიორგი ღვედაშვილმა.

 თსუ-ის სამეცნიერო პორტალის (www.rp.tsu.ge) მიზანია თსუ-ის პერსონალის შესახებ ინფორმაციისა და სამეცნიერო აქტივობების კონცენტრირება, მეცნიერთათვის უკეთესი ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, მეცნიერების სტიმულირება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება.

„პორტალი
იქნება ერთიანი საინფორმაციო სივრცე, სადაც თსუ–ის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ განათავსონ ინფორმაცია თავიანთი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ, ამასთან პორტალი ხელს შეუწყობს უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი მეცნიერებით და მათი შესაძლებლობებით. ვფიქრობ, პროექტი ძალიან საინტერესოა და ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებასა და სამეცნიერო საქმიანობის გაფართოებას“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

პორტალის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია თსუ-ში კვლევითი ღონისძიებების შესახებ, შეიტყოს კონფერენცია-სემინარების, დაგეგმილი პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ახალი თარგმანების შესახებ.
Print

« იხ. ყველა სიახლე