2012-05-08

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის განხილვა თსუ-ში

        8 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის„  პროექტის განხილვა გაიმართა. სტრატეგიის პროექტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა.  
       თსუ-ში სტრატეგიის პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, თსუ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
       ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „საქართველოს გადაუდებელი ამოცანაა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ისტორიულ-პოლიტიკური ურთიერთობის ტრადიციის გაგრძელება. საქართველომ უნდა აღადგინოს კავკასიური ხალხების შეკრების ისტორიული ფუნქცია, რათა ეს ხალხი არ დავტოვოთ კრემლის მტრული პროპაგანდის იმედად.“
       თსუ პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ სტრატეგიის პროექტის განხილვას მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა. „თსუ-ში კავკასიური პრობლემების კვლევის დიდი ტრადიცია არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა ისტორიულად საქართველოს ძლიერებისა და სისუსტის წყარო იყო. საქართველოს აქვს ვალდებულება ჩრდილოეთ კავკასიასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა მაცაბერიძემ.
       შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით საკუთრი მოსაზრებები გამოთქვეს თსუ სტუდენტებმა და ლექტორებმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე