2013-06-12

თსუ იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზის გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საზეიმოდ გახსნეს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „ იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი ხელს შეუწყობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ასეთი მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზი საქართველოში არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ გააჩნია. ამ დარბაზში შესაძლებელია უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციებისა და კონკურსების მოწყობა.  თსუ იურიდიული ფაკულტეტი ამას ნამდვილად იმსახურებს.“
დარბაზის პრეზენტაციას საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დაესწრო. მისი თქმით, „ამ დარბაზში პროცესების ჩატარების საშუალება მომავალ იურისტებს ექნებათ. ეს კი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელ  ებას შეუწყობს ხელს.“
სასამართლო პროცესის სასწავლო დარბაზი  აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის საქართველოს სასამართლო უნარ-ჩვევების პროგრამისა და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების ბიუროს დახმარებით მოეწყო. საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, „იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი თსუ სამართლის მიმართულების სტუდენტებს უკეთესი განათლების მიღებაში შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპი ინერგება. საქართველოს სასამართლო სისტემა მეტი დამოუკიდებლობისა და კა ნონის უზენაესობისკენ მიდ ის.“
აშშ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტთან დაკავშირებით  „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების თაობაზე.  მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლების პრინციპი. ძალიან მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვა და მიღება, მაგრამ არ არის სასარგებლო ამ ნაბიჯების სწრაფად და გაუაზრებლად გადადგმა.“
Print

« იხ. ყველა სიახლე