გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი, მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგები არ აქვს. გრაკლიან გორას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ეწვივნენ.
გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით. საკურთხევლის ორივე პოსტამენტზე იკითხება ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტები. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიული ცნობებიც შეცვალოს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
მიხეილ გიორგაძის განცხადებით,
„გრაკლიანი გორის კვლევის პროცსში ახალი აღმოჩენა დაფიქსირდა. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე გაკეთებული წარწერა. ეს უნიკალური აღმოჩენაა, რადგან საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2700-წლიან ისტორიას ცხადყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა - ნახევრად ღია მუზეუმი ეწყობა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს ძალიან საინტერესო არქეოლოგიური გათხრები დაათვალიეროს.“
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალაღმოჩენილ არტეფაქტებს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
ვახტანგ ლიჩელი. მისი თქმით,
„წარწერა, რომელიც თსუ ექპედიციამ აღმოაჩინა გრაკლიან გორაზე, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, მას ანალოგი არ მოეპოვება. რაც ყველაზე მთავარია, ის განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს, ანუ საქართველოში დამწერლობის ისტორია უკვე ითვლის 2700 წელს. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარ ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე. ეს დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე არის წარწერა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, არის რამოდენიმე ასო გამოყვანილი თიხით და მეორე საკურთხევლის პოსტამენტი მთლიანად არის დაფარული წარწერით.“ თსუ პროფესორის განცხადებით,
„წარწერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცდება საქართველოს მეცნიერების შესწავლის ფარგლებს და საერთაშორისო კვლევის საგანი გახდება. ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს.“
„ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთი აღმოჩენებით არ არის განებივრებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები მეცნიერულ დასკვნას უახლოეს პერიოდში დადებენ - თუ რას გულისხმობს ეს წარწერა. ჩვენ ვაგრძელებთ გრაკლიანის არქეოლოგიური გორის ღია მუზეუმად ქცევის სამუშაოებს, მიმდინარეობს გადახურვა და ტერიტორიის კონსერვაცია. ეს ძეგლი იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტულად დატვირთული ობიექტი,“- აღნიშნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა
ნიკოლოზ ანთიძემ.
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300 000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო - ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი; ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).
მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი - 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული.
გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.