ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-02

გეოგრაფიული კვირეული თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიული კვირეული გაიხსნა, რომელიც თსუ გეოგრაფიული მუზეუმის 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გეოგრაფიული კვირეულის ფარგლებში გაიხსნა თსუ გეოგრაფიული მუზეუმის გამოფენა, რომელზეც  მუზეუმის ფონდებში დაცული საკმაოდ მდიდარი კოლექცია გამოიფინა.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ექსპოზიციაში საკმაოდ საინტერესო ექსპონატებია გამოფენილი, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაცაა გათვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადრე შეგროვებულ მასალასთან ერთად, ახალმოპოვებული ექსპონატებიც არის გამოფენილი. მით უფრო საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ექსპონატი თსუ გეოგრაფიის მიმართულების მე-2 კურსის სტუდენტის ნიკა წითელაშვილის მიერ ერთი წლის წინ იმერეთში აღმოჩენილი დაახლოებით 10-13 მილიონი წლის წინანდელი ვეშაპის ხერხემლის მალებია. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფომ 17 სპეციალობაზე უნივერსიტეტებში სწავლა მთლიანად დააფინანსა. სამწუხაროდ, მათ რიგში ვერ მოხვდა გეოგრაფია და გეოლოგია. რამდენიმე ხნის წინ წერილი მივწერე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ამ ორი მიმართულების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.“
ექსპოზიციაში წარმოდგენილ სხვა ექსპონატებთან ერთად აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი მსოფლიო ატლასი სულხან-საბას და მისი ძმის წარწერებით, 1920 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ შეძენილი კავკასიის რელიეფური რუკა, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია (ორიგინალები და ფირები), ახალი ათონის მღვიმის სტალაქტიტის ფრაგმენტი და სხვა.
 კვირეულის ფარგლებში გაიმართება მოსწავლეთა და სტუდენტთა ფოტოკონკურსი, მოსწავლეთა კონფერენცია, თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა გეოვიქტორინა და სხვა ღონისძიებები.
კვირეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და 7 დეკემბერს დასრულდება.


Print

« იხ. ყველა სიახლე