2014-11-13

თსუ რექტორის პრესკონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ბოლო პერიოდში თსუ–ს, მისი ადმინისტრაციის და რექტორის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებსა და გავრცელებულ არასწორ ინფორმაციაზე ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც მე და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად გავაკეთეთ  განცხადებები სხვადასხვა მიმართულებით -  იქნებოდა ეს სასაფლაო, გაზგასამართი სადგური, თუ ცალკე სპეციალური დაფინანსების გამოყოფა, ველოდი, რომ იქნებოდა შემოტევა უნივერსიტეტზე.   ჩვენი მიზანია უნივერსიტეტი იყოს ღია და გამჭვირვალე.  მიუხედავად იმისა, რა თანამდებობაზე ვიქნები, არ შევურიგდები იმ საკითხებს, რომელიც უნივერსიტეტის საწინააღმდეგო იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის; იყო და არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ პრობლემები უნდა გადაწყდეს კანონის საფუძველზე და არა რეპრესიების ან თვითშემოქმედების მიხედვით,“- განაცხადა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.  მისი თქმით, უნივერსიტეტი მუდამ მზად არის ითანამშრომლოს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად. თუმცა, რექტორის აზრით, ამასთან ერთად საჭიროა „მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს კეთილი ნება უმაღლესი განათლება ჩვენს ქვეყანაში გახდეს პრიორიტეტული.“
პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა რამდენიმე დოკუმენტი წარმოადგინა. მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დასკვნა. ეს ორგანიზაცია 2010 წლიდან ატარებს კვლევას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ. IDFI–ის 2013–2014 წლების კვლევის მიხედვით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებლები 2012-2013 წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა და ბოლო ადგილიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
კვლევის გაშუქებისას განსაკუთრებით გამოიყო პრემიებისა და სახელფასო დანამატების თემა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეტალური ბიუჯეტი და სხვა ტიპის საჯარო ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არაერთი განმარტება გაკეთდა, პრემიებისა და დანამატების შესახებ დაზუსტებულმა ინფორმაციამ საზოგადოებამდე ვერ მიაღწია და ხმაურიანი განცხადებების მიზეზი გახდა. რექტორის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებამდე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ხელფასი თანამდებობრივი სარგოსა და დანატამისგან შედგებოდა, რომლის ოდენობა საათობრივ დატვირთვაზე იყო დამოკიდებული. აღნიშნული დადგენილების მიღების შემდეგ, დანამატი თანამდებობრივ სარგოში აისახა. 2014 წელს დანამატის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალზე თანხა არ გაცემულა. რაც შეეხება პრემიებს, მისი ოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა არაობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, ასევე სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. ვლადიმერ პაპავას განცხადებით, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა კათედრა თსუ–ში 1991 წელს შეიქმნა, 2005 წელს გაუქმდა რეორგანიზაციის შედეგად. 2013 წელს კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა მისი აღდგენა. 2005 წელს რეორგანიზაციისას გაუქმდა დემოგრაფიის კათედრაც, რომელიც 1999 წლიდან არსებობდა უნივერსიტეტში. დემოგრაფიის პროგრამა საზოგადოებრივი გეოგრაფის მიმართულებაზე აღდა მიმდინარე წელს. შესაბამისად, მოხდა აკადმიური პერსონალის არჩევა კონკურსის საფუძველზე. „არც ერთი ადამიანი აკადემიურ თანამდებობებზე რექტორს არ დაუნიშნავს. ყველამ გაიარა კონკურსი. შესაბამისად, საკონკურსო კომისიამ შეარჩია პირები აკადემიურ თანამდებობებზე,“- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
რექტორი შეეხო  მივლინებების საკითხს. მისი თქმით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით  „რექტორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ  აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები“. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის განვითარების, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით რექტორი მონაწილეობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროექტებში, კონფერენციებში, ახორციელებს საერთაშორისო ვიზიტებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
ბოლო ერთი წლის მანძილზე თსუ რექტორს ჰქონდა 22 მივლინება (8 შიგა და 14 გარე), მათგან რამდენიმე ძველი სამსახურის პროექტის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა.
ინფორმაციისთვის:
  • 2013-2014 სასწავლო წელს გაფორმდა და განახლდა თანამშრომლობის 27 ხელშეკრულება უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებებულებებთან;
  • 2013-2014 სასწავლო წელს 126 სტუდენტი და აკადემიური პერსონალი გაიგზავნა ევროპის 19 ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებებულებებში;
  • 2013 წლიდან დღემდე თსუ-ს გაცვლითი პროგრამებით 80 სტუდენტი, პროფესორი და მკვლევარი ეწვია ევროპის 15 ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
  • თსუ ბიბლიოთეკა გამდიდრდა 2 949 დასახელების წიგნით (7 310 ერთეული), მათ შორისა 2 347 სახელმძღვანელოა;
  • შეძენილია და ამოქმედებულია უნიკალური რობოტო-სკანერი (237 000 ლარი);
  • შეძენილია ოცამდე სახელმძღვანელოს თარგმნის უფლება და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი ქართულად თარგმნის პროცესი. წლის ბოლომდე დასრულდება 4 სახელმძღვანელოს თარგმნა.
ამის გარდა, რექტორის პირადი ბიბლიოთეკიდან თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 631 დასახელების 806 წიგნი.
თსუ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხაა გათვალისწინებული სტუდენტების დასახმარებლად. 2014 წელს, 2013 წლის მსგავსად, 650 ათასი ლარია გამოყოფილი სტუდენტების ფინანსური დახმარების მიზნით. სტუდენტების სამივლინებო თანხამ 2014 წელს 361 850 ლარი შეადგინა, პრაქტიკებისა და ექსპედიციებისთვის გამოყოფილი თანხა კი 2013 წელს 167 400 ლარს შეადგენდა, 2014 წელს – 270 835 ლარს. 2014 წლის 1 მარტიდან ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს სემესტრულად გადაეცემა რექტორის სტიპენდია – 250 ლარი თვეში. 1 ნოემბრის მდგომარეობით გაცემულია - 2 000 ლარი. სულ რექტორის ხელფასიდან სტუდენტებზე გაიცა - 5 237,5 ლარი. რექტორის ხელფასიდან დაფინანსდა 3 სოციალურად დაუცველი სტუდენტი -  3 237,5 ლარი.

Print

« იხ. ყველა სიახლე