ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-01

საერთაშორისო სემინარი ლიტერატურულ თარგმანში

ცნობილი ქართველი მთარგმნელის დალი ფანჯიკიძის შემოქმედებას მიეძღვნა საერთაშორისო სემინარი თემაზე  - ლიტერატურული თარგმანი, რომელიც 1 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის (თსუ – ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი) ფარგლებში გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის “გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანების ბიბლიოგრაფია“ (შედგენილია პროფესორ ლალი ხუნდაძე-ქეცბას მიერ) პრეზენტაცია.
„გრანდიოზული გეგმები არ მაქვს, რადგან 77 წლის ვარ და ვთვლი, რომ ის რაც გავაკეთე საკმარისია ერთი ადამიანისთვის, მით უმეტეს- ქალისთვის. დღევანდელი ღონისძიება ჩემთვის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. მად ლიერების გრძნობით ავივსე ჩემი კოლეგების მიმართ, მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გამო ვერ უარვყოფ - ეტყობა, დავიმსახურე ეს სიტყვები,“- განაცხადა თსუ პროფესორმა დალი ფანჯიკიძემ.
ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორმა სიბილე შოენბორნმა ხაზი გაუსვა დალი ფანჯიკიძის დამსახურებას ერთა შორის და კულტურათა შორის ურთიერთობაში: „დალი ფანჯიკიძემ საუკეთესო თარგმანები შესთავაზა მკითხველს. თუნდაც თომას მანის „ბუდენბროკების“ თარგმნა ადვილი საქმე არ არის. ეს ნაწარმოები იწყება წინადადებით, რომელიც რამდენიმე გვერდზე გრძელდება. მე აღტაცებული ვარ მისით და ბედნიერი ვარ მასთან თანამშრომლობით.“
საერთაშორისო სემინარი ლიტერატურული თარგმანი ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში ტარდება და მიმართულია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამების ინტერნაციონალიზაციისკენ.
ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე წელს ასევე გამოიცა სახელმძღვანელო გერმანული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის - „გერმანული ენის ლექსიკოლოგია ქართველი სტუდენტებისთვის“ (სახელმძღვანელოს ავტორები - თსუ პროფესორი ლალი ხუნდაძე-ქეცბა და მიმართულების დოქტორანტი დავით გიორგობიანი). გერმანელ პროფესორებთან ერთად მზადდება სახელმძღვანელო “შესავალი გერმანულ ფილოლოგიაში“.
საერთაშორისო სემინარი 4 ოქტომბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე