ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, ის იზიარებს პოზიციას, რომ „უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს, უნდა აყვეს დროს და გუშინდელი მეთოდებით დღეს მუშაობა შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, პოზიციებში. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა დროში გაიწელა. შესაბამისად, სტუდენტები აფიქსირებენ საკუთარ სურვილს, რომ ეს საკითხები რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ეს არის განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, თვითმმართველობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ისინი არ ითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას. ისინი ითხოვენ, რომ ახლანდელი ფორმა და სისტემა შეიცვალოს პროგრესული, დემოკრატიული, გამჭირვალე და თანაბარუფლებიანი სისტემით. ის რომ სტუდენტი უნდა იღებდეს მონაწილეობას სასწავლო დაწესებულების მართვაში - ამის გაუქმებას სტუდენტები ვერ მოითხოვენ. “
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ირაკლი კუპრაძემ. მისი თქმით, მათ მინისტრს მიაწოდეს საკუთარი მოთხოვნები, თუ როგორ წარმოუდგენიათ განათლების სისტემის რეფორმა. „დავარწმუნეთ იმაში, რომ საყოველთაო შეთანხმება არსებობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშრებით. ჩვენ გავაფრთხილეთ მინისტრი, რომ აუცილებელია საპასუხო ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩვენ ბევრად უფრო რადიკალურად დავიწყებთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა და არავის არ სჭირდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ჩვენ გვინდა საგანამანათლებლო სისტემის ძირეული რეფორმა და იმედი გვაქვს რომ ეს ხელისუფლება და ახალი მინისტრი იქნება გაბედული, რათა გადადგას ეს ნაბიჯები,“- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ და აღნიშნა, რომ „აუდიტორია 115“ ხუთშაბათამდე, 9 ივნისამდე დაელოდებიან მინისტრის პასუხს, თუ როდის წარადგენს სამთავრობო სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რათა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოესწროს კანონში ამ ცვლილებების შეტანა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა თსუ სტუდნტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა: „მე მჯერა, რომ „აუდიტორია 115“-სა და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი. დიალოგის რეჟიმში და არა ულტიმატუმების ენით საუბრით ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგს, რომელიც იქნება უნივერსიტეტის განვითარებისთვის უკეთესი. უნივერსიტეტმა შიდა წესდებებით უნდა დაარეგულიროს თუ როგორი სტუდენტური წარმომადგენლობა სჭირდება -სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი თუ სხვა რამ.“