ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-14

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი თსუ-ში

14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ეწვია. შეხვედრას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრო.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სტუდენტებმა  პირველწყაროსგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო კურსთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით. სტუდენტთა ინტერესი ამ პროცესის წარმატების სურვილითაა გამოწვეული.“
„სტუდენტებთან საქართველოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე ვისაუბრე. მისასალმებელია ახალგაზრდების ინტერესი მაქსიმალურად იყვნენ ჩართული და გათვითცნობიერებული ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში,“- აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა.
„ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში თსუ-სთან ერთად ექვსი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაერთიანებული. ცხადია, ძალიან გვაინტერესებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის, ამ ინსტიტუტებში გაწევრიანების საკითხი. სასიხარულოა, რომ სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა ჩვენს სურვილს და გვესაუბრა ამ კუთხით არსებულ შედეგებსა და სამომავლო პროექტებზე,“- განაცხადა „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ პრეზიდენტმა, თსუ სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ.
 სახელმწიფო მინისტრი თსუ-ს „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ ინიციატივით ეწვია. ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივასა და ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო ვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

Print

« იხ. ყველა სიახლე