ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-14

,,შემოდგომის ლეგენდა 2016-ის" ფინალური ტური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2016-ის“ ფინალური ტური დასრულდა. ფინალში გადასულმა 10 სტუდენტმა „ყვარლის ედემში“ იმპროვიზირებულ ტურში მიიღო მონაწილეობა და ლიტერატურული ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალ ნაწარმოებები შექმნა.

იმპროვიზირებულ ტურს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო. ფინალისტთა შორის თსუ-ს, ილიაუნის, თავისუფალი, კავკასიის და თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. 10 ფინალისტი პირველ ტურში მონაწილე 326 სტუდენტიდან შეირჩა.

თსუ-სა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მერვედ ტარდება. კონკურსში საქართველოს მასშტაბით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება. მეორე და მესამეადგილოსნებს, შესაბამისად, 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები გურამ ოდიშარია, თეონა დოლენჯაშვილი, დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, დიანა ანფიმიადი და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ანი გიგაშვილი.

ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა ონლაინ ლიტერატურულ მარათონში მიეღო მონაწილეობა. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნეს ახალი ნაშრომი. მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს. გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე