ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ორგანიზაცია
„სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„მსოფლიო საუნივერსიტეტო სივრცეში ქველმოქმედება ჩვეულებრივი ფორმაა. ქველმოქმედება ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლებისთვისაც არ იყო უცხო. „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ არსებობა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორების მხარდაჭერით შეუძლებელი იქნებოდა. სასიამოვნოა, რომ გვერდში დაგვიდგა ბიზნესსექტორი. ამ ფონდის არსებობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის გარკვეული სტიმულის მიმცემია, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ნიჭიერ, მაგრამ ფინანსურად შეჭირვებულ სტუდენტს გააგრძელოს სწავლა. საერთოდ, ქველმოქმედება გადამდებია და ვისურვებდი, რომ მსგავსი ფონდი უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზეც იყოს. მადლობა ყველა იმ პირს და კომპანიას, რომელმაც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ფონდის საქმიანობაში.“
საზეიმო ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერებს -
„ვისოლ ჯგუფის“, „
ქართული ლუდის კომპანიის“ და კომპანია „
ახალი მთვარის“ წარმომადგენლებს.
„წელიწადნახევრის წინ გაგვიჩნდა ფაკულტეტზე ამ ფონდის დაარსების იდეა. ჩვენი სურვილი იყო დავხმარებოდით იმ სტუდენტებს, რომლებიც კარგი აკადემიური მოსწრებით ხასიათდებიან, მაგრამ ოჯახების სოციალური სტატუსი არ აძლევთ სწავლის გაგრძელების საშუალებას. ფონდის დაარსებიდან 40-ზე მეტ სტუდენტს გავუკვალეთ გზა, რათა მათ მეტი ცოდნა მიეღოთ უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამ, ვიდრე ყველა სტუდენტს, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, არ დავეხმარებით,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, თბილისის მერმა
დავით ნარმანიამ.
„ძალიან კარგია, რომ არსებობს „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“, რადგან ეს ფონდი ეხმარება ისეთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია უკეთ ისწავლონ. ეს ფონდი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს ფინანსური პრობლემის მიუხედავად არ შეწყვიტოს სწავლა,“- განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა
ავთანდილ ბოლქვაძემ.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ 2014 წლის 19 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორთა და სტუდენტთა ინიციატივით დაარსდა. 2015 წლის 26 ნოემბერს ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
ფონდის წევრთა მოხალისეობის, ფიზიკური პირების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების შემოწირულობათა დახმარებით ორგანიზაციამ 40-ზე მეტ სტუდენტს უკვე დაუფინანსა სწავლის საფასური, ხოლო ერთ სტუდენტს ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.