ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-03

თსუ ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტებთან ერთობლივ პროექტებს განახორციელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 5 უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. ერთობლივ სასწავლო და კვლევით პროექტებზე შეთანხმებას თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ჩინეთში ვიზიტისას ორ უმაღლეს სასწავლებელთან - პეკინის ტექნიკურ ინსტიტუტსა და პეკინის უნივერსიტეტთან შედგა შეთანხმება. თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „პეკინის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სასწავლებელია თავის სფეროში. ამ უნივერსიტეტს საკუთარი ქარხანა აქვს, სადაც მეცნიერთა ინოვაციური იდეები პრაქტიკაში ხორციელდება. თსუ-სა და პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები ერთობლივ კვლევებს ჩაატარებენ, ერთმანეთს კვლევის შედეგებს გაუზიარებენ; ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლიან ამ ინსტიტუტში. პეკინის უნივერსიტეტში კი ჩვენს სტუდენტებს აღმოსავლური ლიტერატურისა და კულტურის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.“
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თსუ-მ თანამშრომლობის ხელშეკრულებებს პრეტორიის, იოჰანესბურგის ვიტსის და დასავლეთ კეიპის  (კეიპტაუნი) უნივერსიტეტებთან მოეწერა ხელი. თსუ მეცნიერები და სტუდენტები  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ორიენტირებული დასავლეთ კეიპის უნივერსიტეტთან ბირთვული და პლაზმური ფიზიკის დარგში ითანამშრომლებენ.  „პრეტორიის უნივერსიტეტთან სტუდენტების, მკვლევრებისა და პროფესორების გაცვლა მოხდება. რამდენიმე პროფესორი ჩამოვა საქართველოში და უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან აინტერესებთ მცირე ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ასპექტები. თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სერგი კაპანაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.“- აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.  თსუ სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის იოჰანესბურგის ვიტსის უნივერსიტეტში არსებულ პალეონტოლოგიის ცენტრთან ერთად პალეონტოლოგიის, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მიმართულებით ერთობლივ პროგრამებს განახორციელებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე