ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. გერმანიის, იტალიის, ლიტვის, თურქეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის და ყაზახეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ სტუდენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე მიესალმა.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რომლითაც საქართველოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნისას შეუძლიათ ისარგებლონ როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული და სპორტული აქტივობების თვალსაზრისით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ერაზმუს+ საქართველოს ოფისის, ერაზმუსის სტუდენტთა ქსელის და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის
თეა გერგედავას განმარტებით, ამ ნაკადში 20-მდე გაცვლითი პროგრამის სტუდენტია, რომელიც თსუ-ში ინგლისურენოვანი პროგრამის კურსებს დაესწრებიან და შემდეგ მშობლიურ უნივერსიტეტებში კრედიტების ტრანსფერს მოახდენენ. უცხოელი სტუდენტები ერაზმუს+-ის, მეველინას და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2017-2018 წლის აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ისწავლიან თსუ-ში. ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სულ 400-ზე მეტი ხარისხის მაძიებელი სტუდენტია რეგისტრირებული.
შეხვედრის ბოლოს უცხოელ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ექსკურსია ჩაუტარდათ.