2013-04-15

აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტარა სონენშაინი თსუ-ში

15 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინი ეწვია. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრისას დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების შესახებ ისაუბრა და  სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩემთვის დიდი პატივია გესაუბროთ საქართველოს ყველაზე დიდ და ძველ უნივერსიტეტში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუ კარგი განთლება გაქვს, კარგი სამსახურის შოვნის დიდი შანსი გეძლევა; შესაბამისად, საზოგადოებისთვის კარგ საქმეს გააკეთებ და საბოლოო ჯამში, ეს სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას“, - აღნიშნა ტარა სონენშაინმა.
სტუდენტებთან შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აქცენტი „დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - მასმედიის თავისუფლებაზე“ გააკეთა: „სწორი, მიუკერძოებელი და გაწონასწორებული ინფორმაცია ჟანგბადია თავისუფალი და ცივილიზებული საზოგადოებისთვის; მისით ცოცხლობს და სუნთქავს დემოკრატია. პროგრესი ქართულ მედიაში ნამდვილად  საგრძნობია. ძალიან უნდა გეამაყებოდეთ იმ პროგრესის, რასაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია.  რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, მაგრამ არსებობს მარტივი გზა: კრიტიკული აზროვნებისთვის ყოველთვის გახსნილი გქონდეთ გონება. უნდა გაუმჯობესდეს საზოგადოების ხელმისაწვდომობა ახალი ამბებისადმი და საერთოდ, მედიისადმი. საჭიროა კიდევ მეტი გამჭვირვალობა.  ყველა ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს სურთ საკუთარი მედია ჰყავდეთ. რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია, როცა მედიასაშუალებები მისი მფლობელებისგან, პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნულია. მედია აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. მედიის თავისუფლება საზოგადოების სიძლიერის ერთ-ერთი სვეტია, საყრდენია.“- განაცხადა ტარა სონენშაინმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ვართ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ეს გაგრძელდება თაობების მანძილზე. მხარს ვუჭერ საქართველოს დემოკრატიის პროგრამას. ხაზი მინდა გავუსვა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას განათლების სფეროში, ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. “
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საპატიოა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტარა სონენშაინის ვიზიტი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ინიციატივით სტუდენტებთან  საინტერესო შეხვედრა გაიმართა. თსუ-ს რამდენიმე გაცვლითი პროგრამა არსებობს, მაგრამ საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. ამ კუთხით განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკული მნიშვნელობის იქნება.“
შეხვედრის დასასრულს თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ტარა სონენშაინს და საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თსუ-ში სტუმრობამდე ტარა სონენშაინმა და საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში ფულბრაიტის სტიპენდიის გაფართოებას ითვალისწინებს.
 






Print

« იხ. ყველა სიახლე