2017-03-03

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანაშემწე ია ანთაძე,  საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი პაატა ქურდაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  კითხვებს, თუ რა ცვლილებები იგეგმება, როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი.  

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. „ეს არ გახლავთ პირველი დისკუსია, უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა ერთი შეხვედრა ღია ფორმატში. უნივერსიტეტი გახლავთ ის ადგილი, სადაც იზრდებიან მომავალი ჟურნალისტები. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფრომატით იმართება, მომავალი ჟურნალისტები ხვედებიან თავის კოლეგებს და ხდება პროფესიული განსჯა იმ საკითხებისა, იმ ცვლილებებისა, რომელიც არის დაგეგმილი. ცხადია,  განწყობა არის ყველა მხრიდან, რომ უკეთესი გვინდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ როგორ უნდა გახდეს უკეთესი აი, ამაზე არის სასაუბრო. კარგია, რომ ეს დისკურსი შემოდის აუდიტორიაში და აკადემიური განსჯა ხდება იმ საკითხებისა, რომლებიც პროფესიულ გარემოში უნდა განვიხილოთ“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან მომავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, ადამიანები რომლებმაც უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ მოემსახურონ საზოგადოებას იმით, რასაც ზოგადად ჟურნალისიტკა ქვია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. მეტიც, მე ვთვლი რომ ეს აუცილებელია და ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობა, რომ არამარტო აქ, არამედ რეგიონებშიც ჩაატაროს ასეთი შეხვედრები,“
-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელმა პაატა ქურდაძემ.

თსუ სტუდენტის მარიამ გვარამიას თმით, სტუდენტების შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებელის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ქვეყნის მთავარი სამაუწყებლო ტელევიზია და ჩვენთვის, თსუ-ს ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ტელევიზიასთან გვქონდეს ურთიერთობა და ჩვენი შემდგომი პრაქტიკები ამ ტელევიზიაში გავიაროთ,“- აღნიშნა მარიამ გვარამიამ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და თსუ სტუდენტებს შორის შეხვედრა და საჯარო დისკუსია მედიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მომავალშიც გაიმართება.



Print

« იხ. ყველა სიახლე