2010-06-07

თსუ-ის სტუდენტებს ცესკო-ს თავმჯდომარე შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და სპიკერი ჯული გიორგაძე თსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა ესწრებოდა. სტუმრებმა სტუდენტებთან 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, თუ რამდენად შეესაბამებოდა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. ხარატიშვილმა დადებითად შეაფასა არჩევნების შედეგები. მისი თქმით, არჩევნების გამჭვირველეობაში დიდი როლი ითამაშა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობამ, ასევე პოლიტიკური პარტიების მონაწილეობამ მონიტორინგისა და საარჩევნო სიების გამჭვირვალობის საქმეში.

ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიამ მრავალი პროექტი განახორციელა საარჩევნო ცნობიერების ასამაღლებლად.  48 000 ადამიანმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. ცესკოს სპიკერმა ჯული გიორგაძემ აღნიშნა, რომ ცესკო ტექნიკურად, როგორ ადმინისტრაციულ ისე საუბნო და საარჩევნო კომისიების დონეზე ძალიან კარგად იყო მომზადებული. განახლდა ცესკოს ვებგვერდი, შეიცვალა დიზაინი და დამატებული იქნა ონლაინ ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ოპერატიულ მომსახურეიბას.

უნივერსიტეტის რექტორმა - გორგი ხუბუამ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს უნივერსიტეტების სტუდენტების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის და დადებითად შეაფასა ცესკოს მუშაობა საზოგადოების ინფორმირების კუთხით.
Print

« იხ. ყველა სიახლე