ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-19

თსუ-ში ბლუმბერგის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო- კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, აკადემიური და ბიზნესის წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „ დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ბლუმბერგის ლაბორატორიის გახსნა ხელს შეუწყობს სტუდენტებს ინოვაციური მეთოდებით სწავლების გამოყენებით პრაქტიკული უნარები შეითვისონ. ეს ლაბორატორია გამიზნულია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც საფინანსო ბაზრის კვლევით, საბირჟო საქმიანობით არიან დაკავებულნი. ეს არის ახალი ნაბიჯი ახლებური განათლებისკენ, რადგან ამ ლაბორატორიაში თეორია და პრაქტიკა უშუალოდ შეერწყმის ერთმანეთს.“

„ყველა მოწინავე ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია ფინანსურ ბაზრებზე, საერთაშორისო ვაჭრობაში, აქტიურად სჭირდება ყოველწამიერი ინფორმაცია, რათა თავისი ოპერაციები მაქსიმალურად სწორად აწარმოოს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ პირველად სამსახურში კი არ ნახონ ეს სისტემები, არამედ, სწავლის პროცესში აითვისონ ის უნარები, რაც მათ შემდგომში დასჭირდებათ. ბლუმბერგისნაირი გიგანტის პარტნიორობა ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია,“
- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თსუ პროფესორის, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ლაბორატორია შეემატა. ამ ლაბორატორიის მეშვეობით სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული კურსი გაიარონ. მთელ მსოფლიოში აპრობირებულია ბლუმბერგის სისტემა, რაც  ფინანსისტებისთვის მომავალია, ყოველდღიურობაა. ისინი უნივერსიტეტში მიიღებენ იმ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ დაეხმარება შემდგომ საქმიანობაში“.

„ეს გახლავთ პირველი ამ სახის ლაბორატორია რეგიონში. ჩემს უნივერსიტეტშიც კი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი უბნივერსიტეტი გახლავთ დიდ ბრიტანეთში, მსგავსი ლაბორატორია არ გვქონია. ბლუმბერგის სისტემა გახლავთ სისტემა, რომელიც გამოიყენება საბანკო სტრუქტურებში, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მთავრობის ადმინისტრაციაში, მმართველობაში. ასე რომ სტუდენტებს, თავის დამსაქმებლებთან მისვლისას ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რაც, როგორც წესი, მუშაობის პირველ წლებში ადამიანს არ გააჩნია. მათ აქვთ გამოცდილება და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, უნივერსიტეტი იძენს დახვეწილ სისტემას ინფორმაციის შეგროვების, კვლევის ჩატარებისა და ახალი კურსების განხორციელების თვალსაზრისით,“
- აღნიშნა ბლუმბერგის გაყიდვების მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ალექსანდრ უინჰემმა.

კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს  უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.

დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული -  Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება  ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით  მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის.    Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით თსუ-ს ექნება პირდაპირი წვდომა მის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და, ამავდროულად, შეასრულონ მსგავსი ოპერაციები რეალური დროის რეჟიმში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი იქცეს ცენტრად საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც. მსოფლიო საფინანსო ბაზარზე სავალუტო, საფინანსო და სასაქონლო ბირჟებზე მუშაობის ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფას ორი კომპანია  - ბლუმბერგი (Bloomberg) და როიტერსი (Reuters) ახორციელებს. მხოლოდ მათ გააჩნიათ დილინგის პროდუქტის შეთავაზების ექსკლუზიური  უფლება და აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო  საფინანსო სამყარო ამ ორ კომპანიაზე დაყრდნობით ახორციელებს საბირჟო ოპერაციებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე