4 მარტს
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და
,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა
და „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა
დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება თსუ სტუდენტების
პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობას შეუწყობს ხელს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის
განცხადებით, „ხელშეკრულება თსუ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს
პრაქტიკული ჩვევების მიღებაში დაეხმარება, რაც მათ შემდგომ საქმიანობაში
აუცილებლად გამოადგება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ასოციაციას არა
მხოლოდ თბილისში, რეგიონების მედიასაშუალებებშიც შეუძლია ჩვენი სტუდენტების
სტაჟირება და შემდგომ დასაქმება. ეს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მასმედიის
და კომუნიკაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.“
„თსუ-სთან ასოციაციას არაოფიციალური
ურთიერთობები აქამდეც ჰქონდა. ამიერიდან ამ ურთიერთობებს უფრო ორგანიზებული
ხასიათი მიეცემა. თსუ-ში მზადდება ჟურნალისტური პროდუქცია, იგეგმება
მულტიმედიური პროდუქციის შექმნაც, რომლის გამავრცელებელიც ჩვენი ქსელი
იქნება. ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით 20 მედიასაშუალებას აერთიანებს. ეს კი
რეგიონებში ჟურნალისტთა დასაქმების მნიშვნელოვანი საშუალებაა,“- აღნიშნა
„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა
ნათია კუპრაშვილმა
მემორანდუმის თანახმად თსუ სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი
კომუნიკაციის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურიდან შერჩეული სტუდენტები
,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“, როგორც საინფორმაციო,
ასევე სხვა განყოფილებებში პრაქტიკულ მეცადინეობებს, ერთთვიან სტაჟირების
კრედიტ-კურსს გაივლიან.
თსუ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა
ასოციაციასთან“ შეთანხმებით სტაჟიორთა შერჩევის და კრედიტის მინიჭების
პირობებს დაადგენს და სტაჟირების კრედიტ-კურსის წარმატებით გავლის
შემთხვევაში, სასწავლო გეგმის ფარგლებში სასწავლო კრედიტს გასცემს.