2016-02-08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „8 თებერვალი სიმბოლურია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. სიმბოლურია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს, როცა შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. თბილისის უნივერსიტეტი იმდროინდელი მთავრობის დიდ მხარდაჭერას გრძნობდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს - ის არა მარტო ისტორიულად პირველი უნივერსიტეტია, არამედ საქმიანობით უნდა იძლეოდეს მაგალითს სხვა უნივერსიტეტებისთვის, რათა ერთობლივად გავხდეთ ევროპული საუნივერსიტეტო სივრცის წევრები.“

„კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებით მისმა დამაარსებლებმა ის მისია შეასრულეს, რომელიც საქართველოსთვის გადაუდებლად საჭირო იყო. ბევრ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლდეს ამ დაწესებულებაში. ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს შანსი იყოს მაგალითი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

„უნივერსიტეტის დაფუძნება მხოლოდ სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების დაფუძნება არ იყო. ეს იყო დიდი განაცხადი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. არსებობის მანძილზე უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პროცესი დაიწყო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოზე. მიხარია, რომ უნივერსიტეტი ასეთი აქტიურია ყველა მიმართულებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე აღინიშნება. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ უნივერსიტეტი უახლოვდება საუკუნოვან იუბილეს. ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ თუ რა ძირითადი გამოწვევები,  პრობლემები და მიღწევებია უნივერსიტეტში.  თსუ არის წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ იუბილე იყოს არა სიმბოლური, არამედ წლიდან წლამდე უნივერსიტეტმა განიცადოს პროგრესი, გააჩნდეს შედეგზე ორიენტირებული სისტემა და უკეთესი საგანმანათლებლო არეალი,“ - განაცხადა თსუ სტუდენტმა სანდრო ტაბატაძემ.


საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდნენ თსუ ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დოკუმენტური ფილმის (დილოგია) „ სათავეებთან“ ჩვენება (სცენარის ავტორი და რეჟისორი თინათინ დაბრუნდაშვილი, ტელეკომპანია „პულსი“). ფილმი ეძღვნება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დამკვიდრების პირველ ნაბიჯებს, თბილისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დაფუძნებას და ამ პროცესში მონაწილე პიროვნებათა ღვაწლს; ფილმის მეორე ნაწილი ეძღვნება ადამიანის ანატომიის, ქირურგიისა და პათოლოგიური ანატომიის კათედრების დაარსებას, მათ პირველ ხელმძღვანელებს და ამ კათედრებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს.

1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,  იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე  20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  200-ზე მეტ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ნებისმიერ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვოს ორმაგი აკადემიური ხარისხი.





Print

« იხ. ყველა სიახლე