ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე ისაუბრა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით:
„სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სტუდენტებს გააცნო სამინისტროში მიმდინარე სამუშაოები, ეს გაზრდის ჩვენი სტუდენტების ინფორმირებულობას და მათ ჩართულობას ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის უშუალოდ ჰქონდეს კომუნიკაცია მინისტრთან, რათა პირველწყაროდან მიიღოს ინფორმაცია. დარწმუნებული ვართ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და გამოინახება თანამშრომლობის სხვა ფორმებიც.“
„სტუდენტებს ვაცნობთ დაგეგმილ რეფორმებს, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს სასჯელაღსრულების სისტემაში. ვესაუბრებით ციხეში არსებულ ვითარებაზე და ასევე კრიმინალურ სუბკულტურაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში აბსოლუტური სიცარიელე და სიბნელეა,“- აღნიშნა სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრმა
გიორგი მღებრიშვილმა.
„როგორც ცნობილია, იგეგმება სასჯელაღსრულების სტრუქტურის ინსტიტუციონალური რეფორმა, რომლის მიზანია საქართველო შეუერთდეს განვითარებული ქვეყნების რიგს. ამისთვის მსჯავრდებულის საზოგადოებისგან იზოლირების გარდა, საჭიროა, მის რესოციალიზაციაზე და განათლებაზე ზრუნვაც. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ მინისტრი გვაწვდის ინფორმაციას“, - განაცხადა თსუ სტუდენტმა
ანა გუდაძემ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სტუდენტებს ესაუბრა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც პენიტენციური სისტემის ძირეულ გარდაქმნას, თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების გაზრდას ემსახურება. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილე სტუდენტებში სასჯელაღსრულების სისტემის მომავალ თანამშრომლებს ხედავს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, -„
სამინისტრო გახსნილია ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, იმისათვის, რომ სასწავლებელში მიღებული ცოდნა ჩვენს სისტემაში გააღრმავონ და შექმნან პენიტენციური სისტემის ახალი, პროგრესულად მოაზროვნე და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა“.
კამპანიის მიზანი დანაშაულის პრევენციაა, რომლის ფარგლებშიც მინისტრმა ახალაზრდობას მიაწოდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და ე.წ. შავ სამყაროზე; თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ საზოგადოება კრიმინალური მენტალიტის მავნე გავლენებისგან დაიცვას.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია. მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.