2017-05-11

ამერიკისმცოდნეობის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენციის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კაჭარავა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.

ღონისძიების სტუმრებს თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი მიესალმა, მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ოცდახუთწლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ასევე აკადემიური გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, ვფიქრობ, ეს ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ყოველწლიური კონფერენციის გახსნაში. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას, ახალი ურთიერთობების წარმოქმნას. სწორედ ამგვარმა ღონისძიებებმა შეუწყო ხელი ამ ბოლო 25 წლის მანძილზე ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებას“,- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა.

კონფერენციაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები და მკვლევრები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

თსუ ასოცირებული პროფესორის ელენე მეძმარიაშვილის ინფორმაციით, კონფერენციაში ჩართულია ამერიკისმცოდნეობის ყველა მიმართულების სპეციალისტი, ამდენად, მოხსენებები მრავალფეროვანია. „ტრადიციულად, ჩვენი კონფერენცია მრავალრიცხოვანია, ხარისხიც საკმაოდ მაღალია, და რაც მთავარია, მიზნად ისახავს ამერიკისმცოდნეობის მიმართულების განვითარებას, ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესებას, კავშირს მეცნიერებს შორის  და ცოდნის გაზიარებას“,-აღნიშნა ელენე მეძმარიაშვილმა.

„კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევრების, პროფესორების და სტუდენტების წახალისება. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მკვლევრისთვის და დოქტორანტისთვის, ამერიკის საკითხებით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა“,-განაცხადა მარიამ ხატიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიიდან“, რომელზეც წარმოდგენილია ამერიკაში მცხოვრები ქართველების,  ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის (სამხედრო, საავიაციო, სამეცნიერო, ლიტერატურული, სახელოვნებო, სპორტული და სხვა) ამსახველი ფოტოდოკუმენტები, ბეჭდური და ხელნაწერი მასალები.    






Print

« იხ. ყველა სიახლე