2010-07-19
19 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ასოციაციის – “რონდინე მშვიდობის ციტადელი”-ს დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ასოციაციის მშვიდობის ტურის ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ხუბუას და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ,,საერთაშორისო საცხოვრებელი დარბაზი“–ს ( International Hall of Residence) პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშეკრულებაც გაფორმდა. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,
პროფესორმა გიორგი ხუბუამ და ასოციაციის პრეზიდენტმა,
პროფესორმა ფრანკო ვაკარმა მოაწერეს ხელი. პროექტის მიზანია განათლებული თაობის აღზრდა, რომელიც მომავალში საკუთარ წვლილს შეიტანს მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ხალხებს შორის დიალოგის წარმართვაში.
საერთაშორისო საცხოვრებელი დარბაზი, რომელიც 1997 წლის ნოემბერში გაიხსნა, ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდებს კონფლიქტური რეგიონებიდან და მხარეებიდან.
„პროექტის მონაწილეები უარს ამბობენ ომსა და ძალადობაზე, ისინი სწავლობენ და თავიანთ ცოდნას ნათელ და მშვიდობიან მომავალს ახმარენ. საქართველოზე წარმოდგენა ჩვენ პროექტის ფარგლებში ჩამოსულმა სტუდენტებმა შეგვიქმნეს და მსურს თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა ფრანკო ვაკარმა.
„განათლებულ ხალხს შორის დიალოგი უფრო ადვილია. მსგავსი პროექტი ხელს უწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ათობით ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა ასოციაციის პროექტში და იმედი მაქვს, რომ მიღებული ცოდნით ისინი მთავარ მიზანს – მშვიდობის დამყარებას შეუწყობენ ხელს“, – განაცხადა თსუ–ს რექტორმა გიორგი ხუბუამ.
თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეხვედრაზე ასოციაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის “რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაში მშვიდობისათვის” პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტი იტალიაში, საერთაშორისო კონფერენციის - "მშვიდობის ქარები კავკასიაში" ფარგლებში, 2009 წელს მიიღეს. დელეგაციის მშვიდობის ტურის საქართველოში რამდენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.
« იხ. ყველა სიახლე