2012-11-29

ვაჟა-ფშაველა ქართველი და უცხოელი კალიგრაფების შემოქმედებაში

29 ნოემბერს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ და უცხოელ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაში ქართველებთან ერთად იაპონელი, იტალიელი, ნორვეგიელი, კოლუმბიელი, პერუელი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი, არგენტინელი, პროფესიონალი კალიგრაფების 120-ზე მეტი ექსპონატი გამოიფინა: პოემები, ლექსები და ფრაზები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან.
თსუ მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის განცხადებით, „თსუ მნიშვნელოვან გამოფენას მასპინძლობს. მსოფლიოს მხატვარ-კალიგრაფთა თვალით დანახული და აღქმული ვაჟა-ფშაველას პოეზია საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.“
„წარმოდგენილი გამოფენა ჩარგლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიტანეთ. ვაჟას სიტყვის დახატვა ძალიან დიდი რისკია. გამოფენილ ექსპონატებს შევკრებთ და წიგნად გამოვცემთ.“ -აღნიშნა ვაჟა-ფშაველას საზოგადოების თავმჯდომარემ ლელა რაზიკაშვილმა.
„კალიგრაფიის ხელოვნება თანამედროვე საზოგადოების წინაშე პირველად ვაჟა-ფშაველამ წარადგინა. ამით გენიოსმა პოეტმა კიდევ ერთხელ გააოცა ქართული საზოგადოება.“- განაცხადა საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის თავმჯდომარემ ლევან ჩაგანავამ.
2011 წელს UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით შესრულებული ხელნაწერი წიგნები მოამზადეს. პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი კალიგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით კალიგრაფიული ნამუშევრები  შექმნეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე