ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-29

დანტე ალიგიერის უნივერსიტეტის პროფესორი თსუ-ში

29 მაისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაია და  იტალიის დანტე ალიგიერის უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ჯიოვანი ნუჩერა ეწვივნენ. პროფესორი ნუჩერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ”საერთაშორისო ურთიერთობები, ინტეგრაცია და ემიგრაცია”. შეხვედრას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ესწრებოდა.
იტალიელი პროფესორის განცხადებით, „ემიგრაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის პრობლემა, მას გლობალური ხასიათი აქვს. კალაბრიაში 3 ათასი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ჩვენი მიზანია, ქართველი ემიგრანტებისთვის კარგი სამუშაო და საარსებო პირობების შექმნა. თუმცა, ამ შემთხვევაში შემხვედრი ნაბიჯები უნდა იყოს _ ქართველებმაც უნდა შეიტანონ წვლილი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების იტალიაში ინტეგრაციას.“
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაიამ საინტერესო უწოდა ჯიოვანი ნუჩერას ვიზიტს საქართველოში: „პროფესორმა ნუჩერამ მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა მსოფლიოში იტალიელთა მიგრაციისა და დიასპორების შესახებ. თსუ სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ იტალიურ გამოცდილებასა და კვლევის შედეგებს.“
„პროფესორი ნუჩერა კალაბრიის რეგიონის ვიცე-გუბერნატორიცაა და საქართველოს დიასპორის დიდი მხარდამჭერი. მისმა კვლევამ და მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია თსუ სტუდენტებში“- განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.



Print

« იხ. ყველა სიახლე