ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-26

CERN-ის გენერალური დირექტორი თსუ-ში

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორი, პროფესორი როლფ ჰოიერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. ეს წოდება პროფესორ ჰოიერს, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ვიქტორ მატვეევს კი ქართველი მეცნიერების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
    პროფესორმა როლფ ჰოიერმა წაიკითხა საჯარო ლექცია „ფუნდამენტური კვლევები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში“. საჯარო ლექციის პირველი ნაწილი CERN–ის საქმიანობას, მის პრიორიტეტებს ეხებოდა, მეორე ნაწილი კი დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე ექსპერიმენტებს დაეთმო.
        თსუ–ში საჯარო ლექციით წარსდგა ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (JINR) წარმომადგენელი, პროფესორი გენადი კოზლოვი.
      თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან. მან იმედი გამოთქვა, რომ CERN–თან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება. „ასეთი მასშტაბის მეცნიერი და ექსპერიმენტების ავტორი იშვიათად ჩამოდის საქართველოში და მოხარული ვარ, რომ სწორედ თსუ არის მასპინძელი,“–განაცხადა რექტორმა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ასეთი დონის მეცნიერების სტუმრობა. „სწორედ CERN–ში, დიდ კოლაიდერზე წარმატებულად მუშაობენ ქართველი მენიერები და წარმატებული პოზიციები უკავიათ,“–განაცხადა მან.
პროფესორ ჰოიერის სამეცნიერო  სამუშაოები ელექტრო ნაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპერიმენტული ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი  დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. 15 წლის განმავლობაში მას საკმაოდ მაღალი თანამდებობი ეკავა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციში (CERN), სადაც ოპალის ექსპერიმენტზე მუშაობდა, იყო DESY ლაბორატორიის დირექტორი, ასევე მრავალი სამეცნიერო კომიტეტისა და სათათბირო ორგანოს წევრი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.




Print

« იხ. ყველა სიახლე