2013-07-26

უესტმინსტერის დელეგაცია თსუ-ში

26 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. პროექტის წარმატებაში   თსუ-მ, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრი იყო, დიდი წვლილი შეიტანა. ამასთან დაკავშირებით, უესტმინსტერის დელეგაციამ თსუ-ს ჯილდო გადასცა და ქართველ კოლეგებთან მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებზე მოლაპარაკება გამართა.
„პროექტის შედეგად ძალიან წარმატებული სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპუსის  პროგრამა დასრულდა, ჩვენ გავაგძელებთ მათთან თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ძალიან დაეხმარება უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის კუთხით“, - განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის პარტნიორ  ქვეყნებში უმაღლესი განათლების განვითარებას და ვიმედოვნებ საქართველოს და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტითან მომავალშიც ვითანამშრომლებთ“,- განაცხადა უესტმინსტერის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა - ჯეინ ლიუისმა.
საქართველოში  ტემპუსის ოფისის ხელმძღვანელის  ლიკა ღლონტის თქმით, „პროგრამის ფარგლებში თსუ წამყვანია როგორც პროგრამების რაოდენობით, ისე მიღწეული შედეგებით და იმედია კვლავ მიიღებს მონაწილეობას მსგავს პროექტებში.“ 
დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსის“ ჯილდო უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ  ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებლებს ყოველწლიურად ენიჭება. 2012 წელს ჯილდო ნომინაციაში „2012 წლის საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობა“ უესტმინსტერის უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ელექტრონული და დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების და სასწავლო კურსების განვითარებისთვის მიენიჭა. პროექტში  იტალიის, საფრანგეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე