2016-04-19

თსუ რექტორის შემაჯამებელი პრესკონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. „მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვისთან ერთადაც ამ პერიოდის განმავლობაში მომიწია მუშაობა, მთელ კოლექტივს, რომელთან ერთადაც მნიშვნელოვან საქმეებს ვაკეთებდით უნივერსიტეტში - რექტორის მოადგილეებს, კანცლერს,“-განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 
თსუ რექტორმა ყურადღება გაამახვილა სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში განხორციელებულ უმთავრეს სიახლეებზე: სტრუქტურულ ცვლილებებზე, სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებაზე, სახელმძღვანელოების თარგმნა-გამოცემაზე, ასპროცენტიანი გამჭვირვალეობის მიღწევაზე, საერთაშორისო რეიტინგებში თსუ წარმატებებზე. ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა უნივერსიტეტში ამოქმედებულ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის შემოღების გადაწყვეტილებაზე, აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ახალ წესზე. მისი თქმით, 2015 წლიდან უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 525 ათასი ლარი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისთვის.
ამავე დროს, თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლის გადაწყვეტაც მან რექტორობის პერიოდში ვერ მოახერხა. მათ შორის, უნივერსიტეტისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვებაზე. „რექტორობიდან წასვლის წინ კიდევ ერთხელ მივწერე წერილი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს: 2018 წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინონ სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო დაფინანსება. ეს აუცილებელია უნივერსიტეტის ინსტიტუციური დაფინანსებისთვის,“- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, ვერ მოასწრო გეოინფორმაციული სისტემების გამოსაყენებლად ინტერდისციპლინარული სწავლებისა და კვლევის ცენტრის - გისლაბის შექმნა. 
წარმატებებზე საუბრისას თსუ რექტორმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერის კუთხით გადაწყდა შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული 5-5 დოქტორანტის სწავლის საფასურის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფარვა; დაწესდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია და სამეცნიერო ფორუმი, იაკობ გობებაშვილის სახელობის პრემია შეირჩა  წლის საუკეთესო პედაგოგები, რომელთაც გადაეცათ პრემიები; 2013 წლიდან თსუ ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 500 ათასი ლარი საბიბლიოთეკო წიგნადი ფონდის შესაძენად; თსუ მაღლივ კორპუსში სტუდენტური სტარტაპ პროექტებისთვის შეიქმნა ფაბლაბი; თსუ რექტორის ინიციატივით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა დამატება, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის თსუ ყოფილ თანამშრომლებზე გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა, დაწესდა თსუ-ს  ოფიციალური სიმბოლიკა - გერბი და დროშა. 2015 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტის დაარსების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თსუ დააჯილდოვა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
„მე ვრჩები უნივერსიტეტში პროფესორად. ეს ჩემთვის ძალიან საამაყო თანამდებობაა. მყავს ძალიან კარგი სტუდენტები. საკმაოდ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი,“- აღნიშნა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
ვლადიმერ პაპავა თსუ რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩია. 2016 წლის 30 მარტს ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება.

Print

« იხ. ყველა სიახლე