ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-02-07

თსუ ზოოლოგიის მუზეუმის გახსნა

     7 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული ზოოლოგიის მუზეუმი გაიხსნა.
    ერთწლიანი სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ მუზეუმის ექსპოზიციაში  ხუთი ათასზე მეტი განახლებული ექსპონატია წარმოდგენილი, რომლებიც ახალ ვიტრინებში განთავსდა.
    როგორც მუზეუმის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, მუზეუმის რეაბილიტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. “ექსპოზიცია დააინტერესებს არა მხოლოდ სტუდენტებსა და მკვლევარებს, არამედ სკოლის მოსწავლეებსაც. დაგეგმილია,  საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუზეუმში ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარება.“- აღნიშნა მინისტრმა.
     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, `თსუ ზოოლოგიის მუზეუმი უნიკალურია მთელ კავკასიაში. წარმოდგენილი ექსპონატები სასწავლო პროცესის დროს თვალსაჩინოებისთვის საუკეთესო მასალაა. მუზეუმში სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება ღია გაკვეთილები, რაც ხელს შეუწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით ახალგაზრდობის დააინტერესებეს.~
    დღესვე ახლადგახსნილ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ თბილისის 122-ე და 151-ე სკოლების მოსწავლეებს.
    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის ფონდი 1921 წელს შეიქმნა. 1945 წელს კი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის თაოსნობით ფონდის ბაზაზე ზოოლოგიის მუზეუმი დაარსდა, რომელიც  ერთ-ერთი უმდიდრესია სამხრეთ კავკასიაში. გამოფენილი უნიკალური მასალა საინტერესოა არა მხოლოდ დამთვალიერებლებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვის. გამოფენილ ნიმუშებს რესტავრაცია 1945 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე