ბეჭდვა |/ დახურვა |
„ფორუმში მონაწილეობენ იმ პროგრამების კურსდამთავრებულები, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უწევს ორგანიზებას. სახელმწიფომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომ სტუდენტებს განათლება მიეღოთ საზღვარგარეთ. ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი მათგანი ჩვენს უნივერსიტეტშიც დასაქმდება,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა.
„ფორუმის ძირითადი მიზანია ჩვენი კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო სივრცეში დასაქმება. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩვენი პარტნიორები არიან როგორც დასაქმების სფეროში, ასევე საკონკურსო პერიოდში ჩვენ გვეპარტნიორებიან საუკეთესო სტუდენტების შერჩევაში. დღევანდელი ჩვენი ფორუმი ემსახურება იმას, რომ უნივერსიტეტებში შემოვიდეს ახალი პროფესურა და ასევე ახალი ადმინისტრაციული ხედვა. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ფორუმის შედეგად დასაქმდება რიგი ჩვენი კურსდამთავრებულებისა,“- განაცხადა განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ.
„განათლების ცენტრის დაფინსანსებით, ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტროის უნივერსიტეტში საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე უნივერსიტეტი დაინტერესდება დღეს ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაციით. ვფიქრობ, რომ მსგავსი „ჯობფეარი“ ჩვენნაირ სტუდენტებს დაეხმარება დასაქმებაში,“-განაცხადა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულმა ზვიად ბართაიამ.
დასაქმების ფორუმის მიზანია საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის.