ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული გუნდი უეფას ფუტსალის ძირითად ეტაპზე (Main round) იასპარეზებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ფეხბურთელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
„საკმაოდ რთული მატჩები ჩავატარეთ. მიღწეული წარმატება ჩვენი ბიჭების დიდი დამსახურებაა, მათ თითოეულ თამაშში შესაძლებლობის 100 პროცენტზე მეტი ჩადეს. თვენახევარში ელიტრაუნდის ეტაპზე გვიწევს ასპარეზობა, რისთვისაც, ტრადიციულად, სერიოზულად მოვემზადებით, რათა გავაგრძელოთ წარმატებული სტარტი,“- განაცხადა თსუ ფუტსალის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა
ავთანდილ ასათიანმა.
„ფინეთში მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვართ. სასიხარულოა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველა მოწინააღმდეგე დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გადავედით. მაკედონიაშიც ვეცდებით ტურნირი ჩვენთვის სასიკეთო შედეგით დავასრულოთ,“ - აღნიშნა თსუ ფუტსალის გუნდის კაპიტანმა
დავით ბობოხიძემ.
წარმატებული უწოდა ფინეთში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპს თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ხარჯავანიძემ.
„შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ. აქამდე არც ერთ ქართულ გუნდს არ დაუსრულებია საკვალიფიკაციო ეტაპი 9 ქულით. ეს იყო წარმატებული დებიუტი. მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. წინ გვაქვს მეორე ეტაპი, რომელიც მაკედონიაში გაიმართება და რომლისთვისაც სერიოზულად უნდა მოვემზადოთ,“- განაცხადა
ირაკლი ხარჯავანიძემ.
თსუ გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თითოეული ჯგუფიდან გასასვლელად პირველი ადგილის დაკავება იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგად F ჯგუფში თსუ-სთან ერთად „სიევა ფუტსალი“ (ფინეთი), „ვოტსელი“ (შოტლანდია) და „ვალეტა“ (მალტა) მოხვდნენ. ჩვენმა გუნდმა შოტლანდიის „ვოტსელი“ ანგარიშით 12-4 გაანადგურა, მეორე ტურის მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარა მალტის „ვალეტასთან" და 6-0 მოიგო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ, მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ მატჩში თსუ ფუტსალის გუნდმა მასპინძელი ქვეყნის - ფინეთის გუნდს „სიევა ფუტსალს“ დაძაბულ შეხვედრაში 5-4 მოუგო. სამი გამარჯვებით F ჯგუფში თსუ-მ პირველი ადგილი დაიკავა და ძირითადი ეტაპის (main round) საგზური მოიპოვა.
ძირითადი ეტაპის თამაშები მაკედონიაში 11-დან 16 ოქტომბრამდე ჩატარდება, სადაც მასპინძელ „ჟელეზიჩართან" ერთად, აზერბაიჯანის ჩემპიონი „არაზნახიჩევანი" , კოსოვოს "ფენიქსი" და საქართველოს ჩემპიონი - თსუ-ს გუნდი იბრძოლებენ მომდევნო ეტაპზე (Elite round) გასასვლელად.