2012-09-05

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ყველა ფაკულტეტზე გამოცხადდა. აკადემიური პერსონალის (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები) შერჩევას ახორციელებენ სპეციალური საკონკურსო კომისიები. თითოეული კომისია დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ექსპერტებით. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამავე კონკურსში მონაწილეობს როგორც კონკურსანტი, შესაბამისად, გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტის არსებობა. კომისია თავის შესასრულებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. მის საქმიანობაში არ ერევა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. შესაბამისად, განცხადება, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციამ რომელიმე პროფესორი სამსახურიდან გაათავისუფლა, არასწორია. პროფესორის თანამდებობა არჩევითია და თანამდებობიდან გათავისუფლება როგორც ასეთი არ ხდება. თანმდებობას პროფესორები იკავებენ გარკვეული ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც ტარდება ახალი კონკურსი.

რაც შეეხება ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილის საკითხს, მას შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის თებერვალში ეწურებოდა, რის შემდგომაც მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2011-2012 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრის ამოწურვამდე.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცა ყველა მსურველს, მათ შორის ქ-ნ ლელა გაფრინდაშვილსაც. კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში. საბოლოო გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს, რის შემდეგაც კონკურსის შედეგები შევა ძალაში. სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება შედეგით უკმაყოფილო ყველა კონკურსანტს.

ამასთან, თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ და არც დაინტერესებულა ამ საკითხით. შესაბამისად, განცხადება მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.

Print

« იხ. ყველა სიახლე