საქართველოს
შსს აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის
სტუდენტთა ტურნირის ფინალში გამარჯვება მოიპოვეს ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდებმა. ინდივიდუალურად,
სხვადასხვა პოზიციის საუკეთესოდ დაცვისა და გამოსვლისთვის კი დაჯილდოვდნენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის
უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.
ფინალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს აკადემიური ჯილდოები გადასცეს
გაეროს ქალთა ფონდმა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და
დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდმა, თსუ საერთაშორისო სამართლის
ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი ორი საუკეთესო
მონაწილე საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სკოლაში
მონაწილეობით დაასაჩუქრა. ტურნირის ფინალში საქართველოს მასშტაბით
უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი 12 გუნდი მონაწილეობდა. ფინალისტი
გუნდები კონკურსის მონაწილე 76 გუნდიდან შეირჩნენ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პირველია საქართველოში, სადაც გენდერისა და სამართლის კათედრა სტუდენტების
თეორიულ კვლევასა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვით უწყობს ხელს
საქართველოში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე
ცნობიერების ამაღლებას“,-განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა
ქეთევან ხუციშვილმა.
„ადამიანის უფლებების დაცვის
სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება თსუ საერთაშორისო სამართლის
ინსტიტუტის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის, მიგრანტებისა და ლტოლვილებისა და
სხვა ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. დღეს დასრულებული შეჯიბრის
ფინალი ერთ-ერთია ამ საქმიანობაში, რომელიც ამერიკის საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის
ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG)
პროგრამასთან თანამშრომლობით განვახორციელეთ“,-განაცხადა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა
ლევან ალექსიძემ.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის
ინსტიტუტი. ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის
„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამისა და
ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს შსს აკადემიასთან, საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან
(IRC), ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდსა და გაეროს ქალთა
ფონდთან პარტნიორობით.
ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის
წახალისება საქართველოში და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და
დახმარების შესახებ, სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების
განვითარება და სტუდენტების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
1-2 აპრილს გამართული ფინალი ასრულებს ქალთა უფლებების საკითხებზე მარტის
თვეში განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ
ქალთა უფლებების დაცვის სფეროში შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის ფარგლებში განხორციელდა.