ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-20

თსუ რექტორის ვიზიტი პორტუგალიაში

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ცენტრის გახსნის შესახებ შეთანხმება თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის დროს შედგა.
ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი კამოეშის ინსტიტუტის  (ლისაბონი, პორტუგალია) რექტორს და წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს. თანამშრომლობის ოქმის თანახმად,  ცენტრის ხელმძღვანელი კამოეშის ინსტიტუტის ლექტორი იქნება, რომელიც თსუ-ში ჩაატარებს ლექცია-სემინარებს. „პორტუგალიურ ენაზე  მსოფლიოში პორტუგალიის გარდა ბრაზილიასა და აფრიკის კონტინენტზე 250 მილიონამდე ადამიანი საუბრობს. თსუ-ში პორტუგალიური ენის ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში ტრენინგების ჩატარებას და ამავე დროს, თსუ სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის გასცემს სტიპენდიებს პორტუგალიაში სასწავლებლად“ - აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ვიზიტის დროს თსუ რექტორი პორტუგალიაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტის - ლისაბონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა.   მისი თქმით, „ლისაბონის უნივერსიტეტში ფიზიკისა და მატემატიკის ძლიერი სკოლაა. გარკვეულწილად მიღწეულია შეთანხმება სტუდენტთა გაცვლის შესახებ.“
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, აგრეთვე, კვლევითი პროგრამების  ურთიერთგაცვლაზე იყო საუბარი ტექნიკური პროფილის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე; ხოლო ერთობლივი კულტურული პროექტების დაფინანსება-განხორციელებაზე გულბენკიანის ფონდის  წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, აპრილისთვის დაგეგმილი პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე ჩამოვლენ პორტუგალიური უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, რომლის დროსაც მიღწეული შეთანხმებები ოფიციალურად გაფორმდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე