2010-06-11

სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტის პრეზენტაცია

    11 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. თსუ–ს სტუდენტებით დაკომპლექტებული საკონსტიტუციო კომისია 7 თვის მანძილზე მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში კომისიის წევრები რეგიონებშიც იმყოფებოდნენ და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან კონსულტაციებს მართავდნენ.

    პრეზენტაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე – ავთანდილ დემეტრაშვილი და კომისიის სხვა წევრები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობას საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები იღებდნენ.

როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს კონსტიტუციური კანონპროექტი პასუხობს ყველა გამოწვევას და მასში მხოლოდ აუცილებელი ცვლილებებია შეტანილი. სტუდენტების მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ძალაუფლება თანაბრად არის გადანაწილებული, გაძლიერებულია აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ მინისტრის ინსტიტუტი; სტუდენტებმა ორპალატიანი პარლამენტის მუშაობისთვის საჭირო მუხლებიც შეიმუშავეს. ეროვნული კრებისა და სენატისგან შემდგარი პარლამენტი პროპორციული წესით და ტერიტორიული ერთეულების მიერ არჩეული სენატორებისგან დაკომპლექტდება. კანონპროექტში დამატებულია ახალი თავი, რომელიც ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულაციას ახდენს. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ეს თავი 4 განსაკუთრებული სტატუსის და 9 ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული უნარების მქონე პირთა უფლებების კონსტიტუციური გარანტიები, აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები და მათი გაცხადებით ამ საკითხზე მუშაობა აუცილებელია.

აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გადაეცა. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით მსგავსი აქტიურობა სტუდენტების მხრიდან ყოველთვის მისასალმებელია. „ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების დაკვეთა კონსტიტუციის რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშირებით სტუდენტებსაც აქვთ გააზრებული. მსურს, რომ მუშაობა გაგრძელდეს, კანონპროექტში არის გარკვეული შეუსაბამობა, რომელსაც დახვეწა სჭირდება. ყველა რაციონალური წინადადება განსახილველად აუცილებლად იქნება გატანილი  საკონსტიტუციო კომისიაზე“, – აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

იხილეთ პრეზენტაცია
Print

« იხ. ყველა სიახლე