ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის თანამშრომლობით ბორჯიმში, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ჩატარდა საზაფხულო სკოლა: „ადამიანებით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სტანდარტები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“. საზაფხულო სკოლა 29 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) როგორც სისხლის სამართლის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში იქნა განხილული. მონაწილეებმა დეტალური ცოდნა შეიძინეს ევროპის საბჭოსა და გაეროს ფარგლებში შემუშავებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და მათი განხორციელების პრაქტიკული მექანიზმების შესახებ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყო იმიტირებული სასამართლო.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 34 სტუდენტი. საზაფხულო სკოლის საგანმანათლებლო კომპონენტს გაუძღვნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორები ირინე ქურდაძე და ქეთევან ხუციშვილი, მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი მარინა მესხი.