2016-04-14

აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების 90 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა.  ღონისძიება თსუ ემერიტუს პროფესორის, აკადემიკოს მზექალა შანიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.
„,დღეს ისტორიული დღეა რადგანაც 1978 წელს 14 აპრილს ქართველი ხალხი დადგა ქართული ენის დასაცავად. წამყვანი ძალა ამ მოძრაობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა და პროფესურა. დღეს ჩვენი ენის დღე არის, მნიშვნელოვანი დღესასწაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხისთვის, რასაც უნივერსიტეტში კონფერენციით აღვნიშნავთ. რაც მთავარია, 90 წელი, საიუბილეო თარიღი, შეუსრულდა ქალბატონ მზექალა შანიძეს, ვულოცავ მას და ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებ,“- აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„სიმბოლურია, რომ ქალბატონ მზექალას დაბადების 90 წლის საიუბილეო ღონისძიება დავამთხვიეთ ქართული ენის დღეს, რადგან  ქალბატონმა მზექალამ მთელი აკადემიური და პედაგოგიური მოღვაწეობა მიუძღვნა ქართული ენის კვლევას, სწავლებას და დაცვას. გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება განსაკუთრებული ფორმატის ყოფილიყო: სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა მოესმინათ მისთვის, მისი პოზიცია გაეგოთ ძალიან ბევრ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც ქართულ ენას უკავშირდება,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელიც თავად გახლდათ 1978 წელს ქართული ენის დაცვასთან დაკავშირებული მოვლენების უშუალო მონაწილე და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩატარებული სტუდენტთა და პროფესორთა კრების ოქმის შემდგენელი.
სტუდენტებთან შეხვედრაზე აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ თავისი ცხოვრებისა და აკადემიური საქმიანობის შესახებ ისაუბრა, უპასუხა სტუდენტთა კითხვებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესისა და ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის ემერიტუს პროფესორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდა. ,,ეს იუბილე თუ ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მგვრის სიხარულს იმის ფიქრი რომ ქართულ ენას ამ ბოლო ხანებში დიდი ყურადღება მიექცა. ჩემი სიცოცხლის განმავლობაში აი ამ საქმეს ვადექი, არ მინდა ხმამაღალი სიტყვებით ვილაპარაკო, რომ მე მას ვემსახურებოდი. ქართული ენა არის ისეთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში, და საჭიროა მივაქციოთ ყურადღება და ვემსახუროთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ჩვენი დღევანდელობისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა თსუ ემერიტუს პროფესორმა მზექალა შანიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

Print

« იხ. ყველა სიახლე