ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-16

თსუ-ში აქციები გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაწყებული დიალოგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა. სტუდენტთა ორივე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილეები დარეჯან თვალთვაძე და მერაბ ელიაშვილი, თსუ სენატის სპიკერი კახაბერ ლორია.

115-ე აუდიტორიაში აქციის შესაწყვეტად სტუდენტებმა შემდეგი მოთხოვნები ჩამოაყალიბეს: 1. თუ თვითმმართველობა წავა კომპრომისზე და შეწყვეტს აქციას, „პლატფორმა 115-ე უდიტორიაც“ შეწყვეტს აქციას; 2. 2016 წლის მაისში  დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება; 3. სამუშაო კომისიის შექმნა, რომელიც იმუშავებს განათლების სისტემის რეფორმაზე (მათ შორის უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერის არსებობის საკითხი); 4. „პლატფორმა 115-ე აუდიტორიის“ სამუშაო შეკრებებისთვის ყოველ სამშაბათს, 18.00 საათზე თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიის დათმობა.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის განმავლობაში თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა  ისაუბრა იმ არგუმენტებზე, რის საფუძველზეც აქციის წევრებმა რექტორის გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ თვითმმართველობის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა,  რომ იმუშავებენ თვითმმართველობის რეფორმირებაზე, გამოაცხადებენ თვითმმართველობის ახალ არჩევნებს, ვადაზე ადრე დაასრულებენ არსებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას. თუმცა, დიალოგის ამ ეტაპზე სტუდენტური თვითმმართველობა აქციას არ წყვეტს.

შეხვედრის შემდეგ თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგება, რადგან „ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გამოუვალს გახდის უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას.“ რექტორის თქმით, ის გააგრძელებს მხარეებთან დიალოგის რეჟიმში მუშაობას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, გაგრძელდება მუშაობა მხარეთა პოზიციების დასაახლოებლად.“

 

Print

« იხ. ყველა სიახლე