2012-05-28

„საფრანგეთის ქართული ემიგრაცია“ თსუ-ში

28 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს დაარსებიდან 90 წლის იუბილე  და თსუ-სა და სათვისტომოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებიდან 5 წლისთავი საზეიმო სხდომით აღინიშნა.
სხდომას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველის პირველი ლედი სანდრა-ელისაბედ რულოვსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შთამომავლები, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი,   ქართველი ემიგრანტები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტს საფრანგეთის ქართული სათვისტომოსთან ძალიან ინტენსიური და ნაყოფიერი  თანაშრომლობა აქვს. “უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დღეიდან ოფიციალურად დაწესდა სტიპენდია, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს სახელს ატარებს“, - აღნიშნა რექტორმა.
      ექვთიმე თაყაიშვილის სტიპენდიები ნათია ღვინიაშვილს და ნინო გოგიჩაიშვილს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ  ზურაბიშვილმა გადასცა. “ღონისძიება საფრანგეთის სათვისტომოს დაარსების 90 წლისთავს ეძღვნება. ეს 90 წელი არის დადასტურება იმისა, თუ რა ძლიერია ქართული სისხლი, რადგან  გაუძლო სამშობლოსთან საუკუნოვან  განშორებას  და მაინც შეინარჩუნა ქართული გენი და ქართველი ერის სიყვარული“, - აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.






Print

« იხ. ყველა სიახლე