ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-10-10

შვედურ-ქართული სემინარი უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შვედურ- ქართული კონფერენცია-სემინარში თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ შვედეთთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  კონფერენცია-სემინარში შვედეთისა და საქართველოს უმღლესი განათლების სისტემის, ერსამუს+ საქართველოს ეროვნული და ერსამუს+ საერთაშორისო ოფისის, სხვადასხვა უნივერისტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შვედეთის უმაღლესი განათლების წარმომადგენელმა ერიკ იოჰანსონმა, შვედეთის საგანამანათლებლო სისტემის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ საქართველოს უნივერსიტეტებსა და შვედეთის უნივერსიტეტებს სამომავლო კოლაბორაციის განსავითარებლად ორი საერთო მახასიათებელი აქვს: ა) ორივე მონაწილეობს ბოლონიის პროცესში; ბ) ორივე ქვეყანა ერთმანეთის დიპლომს აღიარებს. ერიკ იოჰანსონის თქმით, შვედეთში ჯერჯერობით მხოლოდ 39 ქართველ სტუდენტს აქვს მიღებული განათლება.

თსუ-ს რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის აზრით, მსგავსი სახის შეხვედრები ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების დანერგვის კარგი საშუალებაა.

სემინარის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ქართველი სტუდენტებისთვის დაფინანსების წყაროს მოძიება იყო.   შვედეთში სწავლა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის ეკონომიკური ზონისა (EEA) და შვედებისთვისაა უფასო. სხვა დანარჩენ საერთაშორისო სტუდენტს კი შვედეთში უმაღლესი განათლების მიღება 8,000€-დან 15,000€-მდე უჯდება. როგორც ერსამუს+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა აღნიშნა, სემინარის ამოცანაა ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა, შვედურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა არა მარტო ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, არამედ შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დონორი პროგრამის ფარგლებში.

2016 წლის თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების ( Times Higher Education World University Rankings) მიხედვით სამი შვედური უნივერსიტეტი ტოპ ასეულში შევიდა, მათ შორის შვედეთის სამეფო ინსტიტუტი 28-ე ადგილზეა. შვედეთის უნივერსიტეტებმა სახელი გაითქვეს კვლევითი საქმიანობითა და   აზროვნების თავისუფლებით. მას უცხოელი სტუდენტების მიღების დიდი ისტორიაც გააჩნია.   შვედეთი კი როგორც ქვეყანა გამოირჩევა მულტიკულტურული საზოგადოებითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი დონით.

Print

« იხ. ყველა სიახლე