2013-03-26

სტუდენტური კონკურსი - მისია 2013

26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2013“ პრეზენტაცია გაიმართა.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2013 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „ნატახტარია.“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „მისია“ თსუ-ში ჩატარებული კონკურსებიდან ყველაზე წარმატებულია. სტუდენტებმა კომპანიის წარმატების საკუთარი ხედვა უნდა ჩამოაყალიბონ: როგორ უნდა გაიზარდოს ბაზარზე კომპანიის პროდუქტზე მოთხოვნა; წარმოადგინონ ინოვაციური იდეები სარეკლამო კამპანიის კუთხით.“
„კომპანია „ნატახტარისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტუდენტურ პროექტში მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსი სტუდენტებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად მომზადებული შეხვდნენ მომავალ საქმიანობას და ცხოვრებას. კომპანიისთვის საინტერესოა სტუდენტთა ახალი, კრეატიული იდეები, თუნდაც კრიტიკული ხასიათის, რადგან ასეთი იდეების გარეშე კომპანიის განვითარება წარმოუდგენელია,“-აღნიშნა კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა. მისი  თქმით, კომპანია „ნატახტარი“ კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის ქარხანაში საინფორმაციო ტურს გამართავს. ხოლო გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს კომპანია მარკეტინგის განყოფილებაში ორთვიან სტაჟირებას შესთავაზებს.
კონკურსის „მისია 2013“ მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.



Print

« იხ. ყველა სიახლე