ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-20

ქართული ენის სწავლება ტარტუს უნივერსიტეტში

ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტი დაემატა იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომლის სტუდენტებსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ქართულ ენას ასწავლიან.  ქართული ენის კურსს დამწყებთათვის ერთი სემესტრის  განმავლობაში ესტონელ სტუდენტებს თსუ ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი წაუკითხავს.
ევროპის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ უნივერსიტეტში კლასიკურ, ინგლისურ, გერმანულ, სხვა რომანულ, სლავურ, სკანდინავიურ, ბალტიისპირულ ენებთან ერთად ქართული ენის სწავლა პროექტის ფარგლებში სრულიად უფასოდ არა მხოლოდ ტარტუს, სხვა ესტონური უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეეძლებათ. ტარტუს უნივერსიტეტის უცხო ენებისა და კულტურის კოლეჯში ქართული ენის შესწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. მეცადინეობები თებერვლის მეორე კვირაში დაიწყება. ქართული ენის კურსის პარალელურად, ესტონელი სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებს.
ტარტუს გარდა, უკვე რამდენიმე წელია თსუ პროფესორები ქართულ ენას ასწავლიან რამდენიმე პარტნიორ უნივერსიტეტში. კერძოდ, ლაიდენის უნივერსიტეტი (ჰოლანდია), ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა). 2009 წელს მსგავსი პროექტი განხორციელდა სანგმიუნგის უნივერსიტეტში (სეული, სამხრეთ კორეა). სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის ქართული ენის სწავლების სურვილი გამოთქვა ჩინეთის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმაც. ჩინეთის უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლის პროექტის განხორციელების საკითხი  თსუ-ში ჩინური დელეგაციის ვიზიტის დროს გაზაფხულზე გადაწყდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე