2012-05-19

სამართლის ეროვნული კონფერენცია თსუ-ში

19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ეროვნული კონ ფერენცია გაიხსნა. კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას 9 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები იღებენ.
კონფერენციის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დაესწრნენ.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი წამოწყებაა, ეს არის კარგი მაგალითი, როცა აკადემიური წრეები პარქტიკოს იურისტებთან ერთად სხდებიან და იხილავენ აქტიურ თემებს. აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს სამომავლოდ სტუდენტებისათვის საჭირო მასალის მომზადებას“, - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
კონფერენციის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატების წახალისება. კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობას როგორც სამართლის, ასევე მომიჯნავე დისციპლინებში მოღვაწე მეცნიერები და მკვლევარები იღებენ. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროპის სამართალი, კერძო სამართალი.
„გვსურს აღნიშნულმა კონფერენციამ ტრადიციული ხასიათი მიიღოს. ამჯერად კონფერენცია დემოკრატიასა და რეფორმებს ეხება, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება პირველწყაროდან მოისმინონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესებში“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
სამართლის ეროვნული კონფერენცია ორდღიანია და 20 მაისს დასრულდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე