ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-08-10

რექტორის პასუხი უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებზე

9 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენცია გასულ კვირას საინფორმაციო საშუალებებით უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს მიეძღვნა. სამუშაო მივლინებიდან დაბრუნებულმა რექტორმა ბრალდებების საპასუხოდ არგუმენტები წარმოადგინა და მოწვეულ ჟურნალისტებს შესაბამისი დოკუმენტებიც მიაწოდა.

რექტორმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უკანონოდ გატანილი წიგნების, თსუ–ში დაცული მატერიალური ფასეულობების, ტენდერისა და სახელფასო დანამატების შესახებ ისაუბრა. გიორგი ხუბუამ სამართალდამცავ ორგანოებს  უნივერსიტეტის მხრიდან წარმოდგენილ   მასალებზე დროული რეაგირებისათვის და  გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასული კვირის განმავლობაში უნივერსიტეტის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდების შემცველი სატელევიზიო სიუჟეტი გაკეთდა, რომელშიც არაობიექტურად და მიკერძოებულად იქნა წარმოჩენილი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და მისი წარმომადგენლების საქმიანობა. აღნიშნული კამპანია მიმართულია, არა რექტორის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს შექმნას შესაბამისი გარემო სტუდენტებისათვის და პირობები პროფესორ–მასწავლებლების ღირსეული მოღვაწეობისათვის. ჩვენ გვესმის, რომ რთულია რეფორმებისა და ცვლილებების პროცესი, თუმცა ყველას ერთად გვამხნევებს უნივერსიტეტის იდეა, რომელიც ძლიერი საგანმანათლებლო კერაა და მისი გაფრთხილება და განვითარება ჩვენი ვალია. სწორედ ამიტომ რეფორმების გაგრძელება აუცილებელია“, – აღნიშნა ბრიფინგზე უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.

ბრიფინგზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალური განცხადებაც გავრცელდა.

„2010 წლის აგვისტოში, მასმედიის საშუალებებით გადაიცა სიუჟეტები და გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც იყო მიკერძოებული, არაობიექტური და შეურაცხმყოფელი, ინფორმაცია შეიცავდა უნივერსიტეტისადმი უსაფუძვლო ბრალდებებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი სიუჟეტები მიზანმიმართულად ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის სახელს, მის პრესტიჟს, მის თანამშრომელთა ღირსებას და შეურაცხმყოფელია თითოეული უნივერსიტეტელისათვის, მთელი ქართული საზოგადოებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებას სთხოვენ.

უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ პრესკონფერენციაზე თსუ–ს რექტორმა შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა. ერთ–ერთი განცხადება  2008 წლის 13 მარტით თარიღდება, რომლითაც თსუ–ს ხელმძღვანელობამ  სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რათა მომხდარიყო მყისიერი რეაგირება ბიბლიოთეკიდან გამქრალი უნიკალური წიგნების თაობაზე. წერილის საფუძველზე აღძრული საქმის მიხედვით წიგნების კვალს უკრაინაში მიაგნეს.  რექტორის განცხადებით 2006 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნების ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა, 2006 წლიდან დაიწყო წიგნების ეტაპობრივი აღწერა, ამ დროისათვის აღრიცხულია საერთო რაოდენობის ერთი მესამედი ნაწილი. აღწერის პროცესში 2009 წლის აგვისტოში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი დანაკლისის შესახებ  პოლიციის სამმართველოს ეცნობა. 

უნივერსიტეტის რექტორმა კომენტარი მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებითაც გააკეთა. აღწერისას  გამოვლენილი დარღვევების შესახებ თსუ–ს ადმინისტრაციამ პროკურატურას 2008 წლის 23 მაისს მიმართ.

საგანგებო ბრიფინგზე რექტორის მხრიდან  განცხადება ხელფასებთან დაკავშირებითაც გაკეთდა. უნივერსიტეტის რექტორის თქმით თსუ–ს აკადემიური პერსონალი დღეისათვის ღირსეულ ანაზღაურებას იღებს. გასულ წლებთან შედარებით უნივერსიტეტის პროფესორებს 10–15–ჯერ უფრო მაღალი ხელფასები ეძლევათ. რაც შეეხება რექტორის ანაზღაურებას, კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის რექტორი იღებს როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლის, ასევე მოქმედი სრული პროფესორის ხელფასს, აღნიშნული სახელფასო განაკვეთი შეთანხმებულია განათლების სამინისტროსთან.

უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრაზე ინიციატივითაც გამოვიდა. უნივერსიტეტის საქმიანობისა და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ რექტორი ჟურნალისტებისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარდგება.

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ კვირას შემოვიდა. სამი კვირის განმავლობაში კომისია იმ დოკუმენტაციას შეისწავლის, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უკლებლივ წარადგინა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე