12 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენის ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოგამოფენა გახსნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. გაეროს მიერ განხორციელებულ პროგრამაზე ისაუბრა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიკმა. ღონისძიების მიზანია გაეროს პარტნიორებს - სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას გააცნოს ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივა. ღონისძიება ასევე ასახავს წარსულში ,,ქალთა საკითხის“ ირგვლივ გამართულ დებატებს და მოსაზრებებს. იმ საკითხებს, რომელიც დღესაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და რომელიც ყოველთვის მიმართული იყო გენდერული თანასწორობის მიღწევისაკენ. გამოფენა წარმოაჩენს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებსა და პუბლიკაციებს, ასევე იმ მამაკაცებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა ემანსიპაციას.
ფოტოგამოფენა ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“ თსუ-ში 24 მარტამდე გასტანს.