ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პედაგოგისა და მთარგმნელის მედეა ზაალიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მედეა ზაალიშვილი მთარგმნელობით და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
„უკვე ოთხი ათეული წელიწადია ქალბატონი მედეას სახელი უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი თარგმანი გვაჩუქა მკითხველებს, იგი დღესაც აქტიურად თარგმნის ლიტერატურას“ - აღნიშნა თსუ რექტორმა
გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე მედეა ზაალიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.
„დღევანდელმა დღემ დამანახა, რომ წვლილი შემიტანია მთარგმნელობით ხელოვნებაში. ჩემი საქმიანობა ერთი კონკრეტული მიმართულებით არ შემოიფარგლება, ვთარგმნი პოეზიასც და პროზასც, საბოოლოოდ ბევრი ნამუშევარი დაგროვდა, თუმცა, მთავარი ის კი არაა რამდენს თარგმნი, არამედ როგორ თარგმნი“-განაცხადა
მედეა ზაალიშვილმა.
ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
მედეა ზაალიშვილის სახელი კარგად არის ცნობილი არამარტო საუნივერსიტეტო საზოგადოების, არამედ მწერლობითა და ევროპული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის; 1963 წლიდან 2005 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში თარგმნიდა დიდ ინგლისელ და ამერიკელ პოეტთა და პროზაიკოსთა თხზულებებს. მისი თარგმანებიდან გამორჩეულია: უილიამ შექსპირი „ტიტუს ანდრონიკუსი“, უილიამ შექსპირი „ვენერა და ადონისი“, ტომას სტერნზ ელიოტი „უნაყოფო მიწა“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობები და სხვა.