ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-05-10

ევროკავშირის დღეები თსუ–ში

7–9 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტმა პროექტი „ევროკავშირის დღეები“ განახორციელა. 

მრავალპროფილიანმა პროექტმა ლექცია-დებატები, კონფერენცია და ინტელექტუალური თამაშები მოიცვა. პროექტის მიზანია სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა საგანმანათლებლო აქტივობებში, ამასთან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავება და მეტი გამოცდილების მიღება. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, გამოწვევები და პერსპექტივები“.  მონაწილეებმა ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ასპექტები განიხილეს. კონფერენციაში გამარჯვებულმა 3 სტუდენტმა საკუთარი თემა კონფერენციის საზეიმო დახურვაზე წარმოადგინა.  საუკეთესო სამეულს ფულადი პრიზები გადაეცა.

საზეიმო გახსნა 7 მაისს შედგა. ევროკავშირის თემაზე გამართული ლექცია დებატებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „Eugame“ ჩატარდა, რომლის ყველა მონაწილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადმოცემული სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდა, ხოლო გამარჯვებულმა გუნდმა 400 ლარიანი წიგნების ვაუჩერი მიიღო.
Print

« იხ. ყველა სიახლე